ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

   ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩების მოადგილეების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.
ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. დოკუმენტის განხილვაში ასევე, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მიხეილ დარჩიაშვილმა მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალიანსის 28 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ANP-ის ფარგლებში შემუშავებული რეფორმების გეგმა დადებითად შეაფასა. სხდომაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი და რეალისტურია. ყურადღება გამახვილდა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობაზე. ალიანსის მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული სოლიდური პროგრესი ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების საქმეში.
ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ურყევი მზაობისთვის გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.
სხდომაზე მონაწილეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მათ გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე.
საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. დოკუმენტი იმ მნიშვნელოვან რეფორმებს ასახავს, რაც საქართველოს NATO-სთან თავსებადობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა 10 მარტს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმოწერით გაეგზავნა ნატოს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დავით დონდუამ და მიხეილ დარჩიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები