„რუსთავი 2“-იდან გვარამიას მიერ განთავისუფლებულ თანამშრომლებს ადვოკატები დაცვაზე უარს ეუბნებიან

“რუსთავი 2”-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის, მარიკა ასლანიკაშვილის ინფორმაციით, ადვოკატები არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებების დაცვაზე უარს ამბობენ.
როგორც ასლანიკაშვილმა for.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას უჩნდება ეჭვი, რომ „რუსთავი 2“-დან დაუკავშირდნენ, შეიძლება დააშანტაჟეს კიდევაც და ამიტომ თქვეს უარი მათი უფლებების დაცვაზე. ასლანიკაშვილი, სამსახურიდან ყოველგავრი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს. სამსახურიდან გაანთავისუფლეს მისი ძმა, გიორგი ასლანიკაშვილიც, რომელსაც არხის ფინანსები ებარა.
ასლანიკაშვილების უფლებებს თავდაპირველად საია იცავდა, თუმცა, მოულოდნელად განუცხადეს, რომ საიას ადვოკატი ასეთ საქმეს ვერ აიღებდა. „რუსთვი 2“-ის ყოფილ თანამშრომელს საადვოკატო მოსახურებაზე უარი უთხრა საადვოკატო ბიურო „მედიატორმა“. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე ორგანიზაციამ ასლანიკაშვილებს საადვოკატო მომსახურებაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც „რუსთავი 2“-თან მათი, როგორც ადვოკატების კომუნიკაცია შედგა.
რა ბრალდებებს უყენებს ნიკა გვარმიას და ამოწმებდნენ თუ არა მის პირად მიმოწერას? – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მარიკა ასლანიკაშვილს ესაუბრა.

– მარიკა, თუ მიიღეთ „რუსთავი 2“-ისგან განმარტება, რა გახდა თქვენი განთავისუფლების მიზეზი?

– ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვაზე, წერილობით მივიღეთ პასუხი, რომ ფინანსურ სტრუქტურული-რეორგანიზაციის მიზეზით ჩვენი თანამდებობები გაუქმებულია.

– რეალურად იყო ფინანსურ-სტრუქტურული რეორგანიზაცია?

– ამ ფინანსურ-სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ მხოლოდ ჩემზე და ჩემს ძმაზე გადაიარა, რადგან არ გამიგია, რომ ჩვენს შემდეგ ვინმე გაენთავისუფლებინათ სამსახურიდან. გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენს გამო ჩაატარეს ეს ფინანსური-სტრუქტურული რეორგანიზაცია.

იურიდიული დახმარებისთვის საიას მივმართეთ.

თავდაპირველად გაგვიწიეს იურიდიული დახამრება – პირველი წერილიც გააგზავნეს „რუსთავი 2“-ში, რომლითაც მოითხოვეს განმარტება, რატომ ვიყავით განთავისუფლებული, რაზეც დაგვიანებით მოვიდა პასუხი. მაგრამ, უკვე, ამის შემდეგ საია გვეუბნება – მართალია შანსი გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ სასამართლოში, მაგრამ ჩვენ სასამართლოში ვერ წამოგყვებითო.

– მიზეზი გითხრეს, რატომ არ წამოგყვებოდნენ სასამართლოში, მით უმეტეს, თუ გამარჯვების შანსი გქონდათ?

– ასეთ საქმეს საიას ადვოკატი ვერ აიღებსო – აი ეს იყო მოტივი. ამის შემდეგ მივედით კერძო ადვოკატთან, კომპანია „მედიატორში“, ადვოკატი იყო ლამარა კობალაძე, მან აიღო ჩვენი საქმე, გააგზავნა წერილი „რუსთავი 2“-ში, გამოითხოვა საშტატო განრიგი, მაგრამ არ მისცეს. ასე რომ, ვერ გაირკვა, მოხდა თუ არა ჩვენი ჩანაცვლება სხვა კადრით. გადმოცემით ვიცით, რომ ბუღალტერიაში ორი ახალი თანამშრომელი მიიღეს, მაგრამ არა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

რაც შეეხება მთავარ რედაქტორს, როგორც ვიცი არავინ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო ადვოკატი ავიყვანეთ, საბოლოო ჯამში, მანაც უარი თქვა ჩვენს დაცვაზე.

– ამ შემთხვევაში კერძო ადვოკატის უარის მიზეზი რა გახდა?

– გვითხრა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა, რადგან სასამართლოში „რუსთავი 2“-ს არავინ აწყენინებსო. ამ ადვოკატებიდან ადრე ერთ-ერთი მოსამართლედ მუშაობდა, ნაციონალების დროს გაანთავისუფლეს სამსახურიდან და შექმნეს იურიდიული კომპანია „მედიატორი“. ნაციონალებს ყველაზე შეგროვილი აქვთ კომპრომატები, დაზუსტებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, რომ „რუსთავი 2“-დან დაუკავშირდნენ, შეიძლება დააშანტაჟეს კიდევაც და ამიტომ თქვეს უარი ჩვენი უფლებების დაცვაზე.

– აშანტაჟებდნენ როგორც საიას, ასევე კერძო ადვოკატს?

– ალბათ, უფრო კერძო ადვოკატს. იმიტომ, რომ თვითონ კერძო ადვოკატმა გვითხრა, რომ არ ღირს ჩვენ ამაზე ფული დავხარჯოთ, რადგან სასამართლოში ამ საქმეს ვერ მოვიგებთო. გვარამიამ, როგორც ყოფილმა პროკურორმა, ძალიან კარგად იცის, რა და როგორ ხდება, მას იურიდიულად ყველაფერი ისე ექნება გაკეთებული, რომ ვერაფერში მოვედავებითო. არ ვიცი, რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ ჩვენ სასამართლოს ვერ მოვიგებდით.

ადვოკატი გვიმტკიცებდა, რომ თურმე სასამართლო კერძო კომპანიას ვერ დაავალდებულებს განთავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას. იცით, რომ „თელასიც“ კერძო კომპანიაა, საიდანაც მოხდა თანამშრომლების განთავისუფლება, მაგრამ სასამართლომ ყველა აღადგინა და კომპენსაციის გადახდაც დაავალდებულა თელასს. მაგრამ, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“-თან არავის არ უნდა საქმის გართულება, ვინაიდან ყველაფრი აღიქმება, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა, როგორც ახლა ცდილობენ ამის აფიშირებას.

– რაც შეეხება განთავისუფლების რეალურ მიზეზებს, თქვენ აცხადებდით, რომ გაგანთავისუფლეს იმიტომ, რომ მხარი დაუჭირეთ ყოფილი მესაკუთრის განცხადებას, არხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. დღესაც ფიქრობთ, რომ ამ მოტივით გაგანთავისუფლეს?

– დიახ ასეა. ძირითადი საფუძველი იყო ჩვენი პოზიცია, არხი დაბრუნებოდა ყოფილ მესაკუთრეს და, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მიდიოდა ნიკა გვარამიამდე. პირადად მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ტელევიზია დაიბრუნოს მისმა მესაკუთრემ. მთავარია, რომ სასამართლო შედგეს და არ მოხდეს აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ეს დავა უნდა განიხილონ, როგორც ქონების დაბრუნება და არა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა.

– თქვენი პოზიცია, რომ არხი ყოფილ მესაკუთრეს უნდა დაბრუნებოდა, ეს ინფორმაცია რა გზით მივიდა ნიკა გვარამიამდე?

– ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია თანამშრომლებს მიჰქონდა, გვისმენდნენ თუ რა ხდებოდა. შეიძლება პირად კომპიუტერში ჩვენს პირად მიმოწერასაც ამოწმებდნენ, რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული. საერთოდ, ასეთი პროცესები, მოსმენები და „რუსთავი 2“-ში რეპრესიული მეთოდები ნიკა გვარამიას მოსვლის შემდეგ დაიწყო.

– რეპრესიული მეთოდები რაში გამოიხატება?

– ძველი თანამშრომლები მიუღებელი გავხდით გვარამიასთვის. სამსახურიდან ისეთი ინფორმაციაც გამოვიდა, რომ თითქოს, დიდი ხანი გვაკვირდებოდნენ, ეს დაკვირვება რას ნიშნავს, არ ვიცი. გვარამიამ ყველა საკვანძო თანამდებობაზე თავისი ახლობლები დანიშნა, მისი წრე იღებს ყველა გადაწყვეტილებას. საერთოდ, გვარამია რომ გახდა არხის დირექტორი, თანამშრომლებს არ შეგვხვედრია, შესაბამისად, მასთან არავითარი კონტაქტი არ მქონია. ძირითადად, მას ურთიერთობა ჰქონდა საინფორმაციო სამსახურთან და ვისთანაც თავად სურდა. მაშინაც ვამბობდი და დღესაც ვაცხადებ, რომ მე და ჩემი ძმა გაგვანთავისუფლეს იმიტომ, რომ საჯაროდ და ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, რომ არხი უნდა დაბრუნებოდა ყოფილ მესაკუთრეს.

– საინტერესოა, თქვენს გარდა ამ პოზიციას არავინ არ აფიქსირებდა „რუსთავი 2“-ში?

– ბევრი ფიქრობს, რომ არხი უნდა დაუბრუნდეს მის ყოფილ მესაკუთრეს, მაგრამ უფრო თავშეკავებულები არიან. ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის. ჩვენ უფრო ხმამაღლა ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, ნამდვილად არ გვეშინოდა ამის აფიშირების. მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სასამართლო გზით არხის დაბრუნებისთვის ბრძოლა, ისეთი პოლიტიკის გატარება დაიწყო ტელევიზიაში, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს ტელევიზია ჩაიგდოს ხელში, რომ იქ აღარ იყოს თავისუფალი და კრიტიკული აზრი, ამაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები