„The Washington Post“ – რატომ უნდა ვიცოდეთ ქართული ღვინის შესახებ? იმიტომ, რომ ის შეუდარებელია

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ქართულ ღვინოზე სტატიას აქვეყნებს – „რატომ უნდა ვიცოდეთ ქართული ღვინის შესახებ? იმიტომ, რომ ის შეუდარებელია“. სტატიაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად ითვლება, რომ ღვინის კლასიკური ჯიშების სამშობლოა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ ღვინის ისტორია უფრო აღმოსავლეთიდან მოდის – იმ რეგიონიდან, სადაც ევროპის და აზიის საზღვარია, სადაც ნოემ გააშენა ვენახი, როდესაც მსოფლიოს წარღვნის დროს არარატის მთაზე გაჩერდა.
სტატიაში აღნიშნულია, – ქართული ღვინო საინტერესო იმიტომ არის, რომ მისი წარმოება როგორც ძველი მეთოდით, ასევე ახალი – ევროპული ტექნოლოგიით ხდება. სწორედ ამის გამო ქართული ღვინის დაგემოვნებისას ფაქტობრივად „წარსულის გემოს“ გრძნობ.
საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია. ყველაზე მეტი ღვინო კახეთის რეგიონში იწარმოება. აღმოსავლეთ საქართველოს ჰავა ღვინის დასაყენებლად უფრო ხელსაყრელია და, შესაბამისად, ყურძნის წარმოება აქ უფრო განვითარებულია.
აშშ-ში ექსპორტზე გასული ღვინოებიდან ყველაზე მეტად ცნობილია რქაწითელის, მანავის მწვანისა და საფერავის ყურძნის ჯიშებიდან მიღებული ღვინო. სტატიის ავტორი ამ ღვინოებიდან განსაკუთრებით საფერავს გამოყოფს. ეს ღვინო ძველი, ქვევრის მეთოდით არის წარმოებული. „ვინაიდან წითელი ღვინო დღეს „მოდაშია“, მას ბაზრის მოძიება წესით არ უნდა გაუჭირდეს“, – წერს სტატიის ავტორი.
„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ქართული საფერავი ფრანგულ, მდინარე ლუარას ხეობაში წარმოებულ ღვინოებთან არის შედარებული.
„საფერავს, ისევე როგორც ქართული ღვინოების უმეტობას აქვს განსაკუთრებული რამ. ეს არის გემო, რომელმაც ასწლეულები განვლო და ჩვენამდე წარსულის სიოს სახით მოაღწია“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის ავტორი დევიდ მაკლინტაირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები