შემოსავლების სამსახური ყაზბეგში, სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ყაზბეგის რაიონში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო-გამშვებ პუნქტ “ყაზბეგის” მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტებას აკეთებს.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს.
“რუსეთის ფედერაციის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტი დღის განმავლობაში (დღეის მდგომარეობით) ატარებს მაქსიმუმ 250 სატვირთო ავტომანქანას. იგულისხმება შემოსვლაც და გასვლაც. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბაჟო -გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ამ ეტაპზე მზადაა გაატაროს მინიმუმ ორჯერ მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პუნქტს საგანგებო რეჟიმით უწევს მუშაობა – საბაჟო -გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 20.30-დან 06.00 საათამდე შეზღუდულია, რაც მყინვარ დევდორაკის ენის მახლობლად მეტეოსაგუშაგოდან უწყვეტი მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსალოდნელ საფრთხეს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, როდესაც ავტომანქანების რაოდენობა აღემატება მეზობელი მხარის მიერ მათი გატარების შესაძლებლობებს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, წარმოიქმნება რიგები. ამას დაადასტურებენ ამ რიგებში მდგომი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საზღვრის კვეთა ამ მიმართულებით. კერძოდ, ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა გაზრდილია დაახლოებით 56%-ით, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების – დაახლოებით 39%-ით, სამგზავრო ავტობუსებისა – დაახლოებით 72%-ით, ხოლო სატვირთო ავტომანქანების მოძრაობა გაზრდილია დაახლოებით 19%-ით. შემოსავლების სამსახური არწმუნებს საზოგადოებას, რომ სამსახურის ყველა რგოლი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობს და ყაზბეგში ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად მოკლებულია რეალურ საფუძველს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.