თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკური სამსახურის დელეგაციას მასპინძლობს.
ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დახვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებაში ამერიკული მხარის ჩართულობასა და 2015-2016 წლებში აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთანაც გამართავენ შეხვედრებს.