დავით უსუფაშვილმა ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე – პრეზიდენტთან, ლორენს დუმონთან, ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, იან ჰამაჩეკთან და შვედეთის რიკსდაგის სპიკერთან, ურბან ალინთან.
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე – პრეზიდენტთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა ლორენს დუმონს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი მუდმივად ადასტურებს საქართველოს მიმართ.
საფრანგეთის ეროვნული ასამბელის ვიცე – პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები ძალზედ ღირებულია. საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან მრავალმხრივ ურთიერთობებს“.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის რატიფიცირების პროცესიც ეროვნულ ასამბლეაში დასრულდა და სარატიფიკაციო დოკუმენტი ამჟამად გადაგზავნილია სენატში.
ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და წლის ბოლოსთვის „საქართველო ელოდება საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს ვიზა – ლიბერალიზაციის მიმართულებით.”
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თემას შეეხო საუბარი, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრისას შვედ კოლეგასთან, ურბან ალინთან.
„მთელი საპარლამენტო წლის მანძილზე, საქართველოს პარლამენტი მუშაობდა იმ კანონპროექტებზე, რომლებმაც უნდა დააჩქაროს ვიზა – ლიბერალიზაციის საქართველოსთვის მინიჭება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-შვედეთს შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა.
ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, იან ჰამაჩეკმა. „საქართველო არა მხოლოდ ძალიან პოპულარულია ჩეხეთში, არამედ ჩვენც გამოვიარეთ ის სირთულეები, რომელსაც საქართველო აწყდება ევროინტეგრაციის გზაზე. გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ამ პროცესში”, – აღნიშნა იან ჰამაჩეკმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავის მხრივ, შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არ არის გამიზნული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ „ემსახურება რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებას.”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობდა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები