იციკ მოშე: საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს ეკონომიკის პრობლემების დროულად გადაწყვეტისა და ეროვნული ვალუტის – ლარის სიმყარის შესანარჩუნებლად ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას მიიჩნევს საჭიროდ და მთავრობას საკუთარი წინადადებით მიმართავს.
როგორც იციკ მოშე აცხადებს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორთან აქტიური მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ამჟამად არსებობს ყველანაირი პირობა წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის.
„ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე წარმატებულად აწარმოონ ეს კამპანია. ამასთან დაკავშირებით, მივმართავ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებებით: პირველ ეტაპზე, ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან.
თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა.
აქვე შევნიშნავ, რომ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიპლომატიური მისიის შესაძლებლობების თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობა ისრაელში თბილისის მერის ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინიციატივით განხორციელდა და რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ მალე დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს.
ვფიქრობ, სხვა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგის მიმცემი გახდება.
საჭიროდ მიმაჩნია, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების მუშაობის ფორმატის შეცვლა; კერძოდ, მათზე გაცემული ლიცენზია უნდა მოიცავდეს წელიწადში ორჯერ საქართველოსა და მათ ქვეყანაში ბიზნესფორუმის ჩატარებას და ინვესტიციების მოზიდვას. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, თავის მხრივ, მზადაა საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს ორივე წინადადების განსახორციელებლად და მას გვერდში დაუდგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ბიზნესფორუმის ორგანიზებასა და საჭირო კონტაქტების დამყარებაში“,-აცხადებს იციკ მოშე.