„თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირებას შეამცირებს, ლარი გამყარდება“

 „ეროვნული ბანკის მხრიდან თუ რეფინანსირების პრობლემა მოგვარდება, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და მისი მაჩვენებელი 2,10 ან 2,15 ნიშნულით განისაზღვრება“, – ამის შესახებ განცხადება ” საზოგადოება 20/30″- ის წევრმა მიხეილ დონდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
“საზოგადოება 20/30”-ის წევრის თქმით, ლარის ნიშნულის არასტაბილურობა ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების გაზრდამ გამოიწვია, ხოლო მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირება შეამცირა, ლარის ნიშნულმა დაიწია და მყისიერად გაუმჯობესდა. დონდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რამაც ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას ხელი უნდა შეუწყოს.
„ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები ლარის სტაბილურობისათვის ხელსაყრელია. საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით ლარს დღეს უკეთესი პირობები აქვს შექმნილი, ვიდრე ეს 2014 წელს ჰქონდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენცია, საბიუჯეტო შემოსავლების კარგი დინამიკა. ფისკალური ზეწოლა ლარზე არ არის, ხდება ნაშთების დაგროვება და, შესაბამისად, არანაირი ეკონომიკური ფაქტორები უარყოფითად არ მოქმედებს ლარზე, პირიქით ხელს უწყობს მის სტაბილიზაციას“, – აღნიშნა მიხეილ დონდუამ.
დონდუას განცხადებით, ლარის მკვეთრი გაუარესება ხელოვნური პროცესია და ის ეკონომიკური მდგომარეობით არ ყოფილა განპირობებული. „ეკონომიკა უმჯობესდება, ლარის კურსი კი უარესდება, რაც ეროვნული ბანკის მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა მან და ლარის გამყარებისათვის რეფინანსირების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ პრობლემა არის ეროვნულ ბანკში. როგორც კი მან რეფინანსირება შეამცირა, ამას დაუყოვნებლივ შედეგი მოჰყვა. შეუძლებელია კურსი ავარდეს 2, 45 – მდე და სწრაფადვე ჩამოვარდეს 2,35-მდე, ასეთი რამ ეკონომიკურად გამორიცხულია. ეს ხელოვნური და აჟიოტაჟური ფაქტორია. როდესაც დიდი რაოდენობით ინაჩუნებ რეფინანსირების მაჩვენებელს, ეს უარყოფითად მოქმედებს ვალუტაზე. ლარი არ უნდა იყოს იმ ნიშნულზე, რომელზეც ახლა არის, ეს არ არის ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული. თუ რეფინანსირების პრობლემები გადაწყდა და შეწყდა ის ობსტრუქცია, რომელიც მიმდინარეობს, ლარი დასტაბილურდება. ის სამუშაოები, რომელიც უნდა ჩაეტარებინა ეროვნულ ბანკს, არ ჩაუტარებია. ლარის დღევანდელი ნიშნული ეროვნული ბანკის უმოქმედების, ნაკლები ანგარიშვალდებულებისა და დაგვიანებული ქმედებების შედეგია“, – განაცხადა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები