როგორ აფასებს გია ხუხაშვილი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს?

ექსპერტი გია ხუხაშვილი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს “კვირასთან“ აფასებს. ხუხაშვილს გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის პროფესიონალიზმი და გამოცდილება მოსწონს, თუმცა აცხადებს, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებით ქვეყანაში არსებული მთავარი გამოწვევების აღმოფხვრა შეუძლებელია.
ექსპერტი გამოსავალს მმართველობითი სისტემის რეფორმაში ხედავს.
“თუ პერსონალურად განვიხილავთ ქუმსიშვილის და კვირიკაშვილის პიროვნებებს და მათ პროფესიონალიზმს, შემიძლია ვთქვა, რომ მათი დანიშვნა აღნიშნულ პოზიციებზე კარგი გადაწყვეტილებაა. კვირიკაშვილს მოლაპარაკებების წარმოების კარგი გამოცდილება აქვს, ასევე პროფესიონალია დიმიტრი ქუმსიშვილიც. თუმცა ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მმართველობითი კრიზისია, რაც ეფექტური და პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას არ იძლევა. არ გამოვრიცხავ, ამ ფაქტორმა კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეასუსტოს. ვფიქრობ, თუ რადიკალური რეფორმა არ ჩატარდა მმართველობითი სისტემის კუთხით, ასეთი გადაადგილებებით ქვეყანა გამოწვევებს ვერ უპასუხებს“, – განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკვე ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა. დღევანდელი ცვლილებების გამო პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები