რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ნატოს ცენტრის გახსნას „პროვოკაციას“ უწოდებს

თბილისში ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას მოსკოვი „პროვოკაციას“ უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ ამ ნაბიჯს ვაფასებთ როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ არის მიმართული. ამისათვის ხშირ შემთხვევაში ნატოს პარტნიორი ქვეყნების რესურსები გამოიყენება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, საქართველოში ნატოს სამხედრო ობიექტის განთავსება რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბლიზაციის ფაქტორი იქნება.
ზახაროვა 2008 წლის მოვლენებსაც შეეხო. მას მიაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებმა „საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის დაპყრობის დანაშაულებრივი ქმედებისკენ უბიძგა“.
„საქართველო იმ ავანტიურის შეუქცევად შედეგებს დღესაც ვერ შეგუებია. მას მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიაზე კვლავ პრეტენზია აქვს და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელს არ აწერს. ის ვინც ამ სიტუაციაში საქართველოს ნატოში ექაჩება, მოსალოდნელ შედეგებზე საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა შეიგრძნოს,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი საქართველოში ხუთშაბათს, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის დროს გაიხსნა. ცენტრის ბაზაზე ქართველი და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების ერთობლივი სწავლების ჩატარება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები