ისრაელის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში გამგზავრებას არ ურჩევს

  ისრაელის ელჩმა საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციები მისცა, ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში გამგზავრებას არ ურჩევს. როგორც იუვალ ფუქსმა განაცხადა, ვიდრე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან დეტალური შეტყობინება არ გამოიგზავნება, საქართველოს მოქალაქეებმა ჯობია, ისრაელში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, რადგან მოცემულ მომენტში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფიცულია, რის გამოც შეჩერებულია რიგი პროექტები, რომელსაც საგარეო უწყება უწევს კოორდინაციას.
“ბოდიშს გიხდით, რომ მოცემულ მომენტში ვერ ვაკეთებ ნორმალურად კომენტარს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შემოღება. ამ შეთანხმების ხელმოწერა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების აქტიური მუშაობა.
თუმცა, როცა გაფიცვაზე ვსაუბრობთ, მინდა, აღვნიშნო განსაკუთრებული წვლილი, რომელიც ამ შეთანხმების მიღწევაში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტანა. მოგეხსენებათ, ეს შეთანხმება გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული, გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელში უვიზოდ იმოგზაურონ. შეთანხმება უკვე ძალაშია და ხალხს შეუძლია უვიზოდ წასვლა. თუმცა სანამ არ გამოიგზავნება დეტალური შეტყობინება და ინსტრუქციები ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გირჩევთ თავი შეიკავოთ გამგზავრებისგან”, – განაცხადა იუვალ ფუქსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები