ყველაზე ოპტიმისტი მწერალი პაოლო კოელიო იუბილარია
1947 წლის 24 აგვისტოს, ცნობილი ბრაზილიელი მწერალი პაოლო კოელიო რიო დე ჟანეიროში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა.
პაოლოს მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ დაუჭირა და ახალგაზრდა პაოლოს რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა, თუმცა პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი.
პაოლოს ინტერესები, მწერლობა და ჟურნალისტიკა მისი ოჯახისთვის მიუღებელი იყო, რამაც მასსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბა, რომ 17 წლის პაოლო კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად. ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ და ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – მან ზუსტად იცოდა, რა იყო მისი მოწოდება, ამიტომაც კლინიკიდან გაიქცა, ბევრი ხეტიალის შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
სახლში დაბრუნებული, ერთი წლის შემდეგ სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, რომელიც 60-იანი წლების ბრაზილიაში პოპულარული იყო არა მხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ მოძრაობა პროტესტის გამოხატვის კარგი საშუალებაც იყო.
თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა ისევ ფსიქიატრიული კლინიკით დაგვირგვინდა, თუმცა, მისი მკურნალობის კურსი ისევ კლინიკიდან გაქცევით, მისი ხეტიალი კი, უფულობის გამო, ისევ სახლში დაბრუნებით დასრულდა.
პაოლოს ოჯახი, საბოლოოდ, მხოლოდ მისი მესამე სამკურნალო კურსის შემდეგ დარწმუნდა, რომ პაოლო მათთვის მისაღებ და მათი თვალსაზრისით, ნორმალურ სამუშაოს ხელს არასდროს მოჰკიდებდა. ოჯახი შეეგუა და კოელიომაც თავისი თეატრალური და ჟურნალისტური მოღვაწეობა განაგრძო.
პაოლო მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში მოგზაურობდა.
კოელიოს შემოქმედებაა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: “ალქიმიკოსი”, “რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”, “მეხუთე მთა”, “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”, “ეშმაკი და ქალბატონი პრიმი”, “თერთმეტი წუთი”, “ზაჰირი”, “პორტობელოელი ჯადოქარი” და სხვ.
პორტალი “კვირა” პაოლო კოელიოს ცნობილ გამონათქვამებს გთავაზობთ:
* როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში;
* ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო;
* უყვართ იმიტომ, რომ უყვართ… სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება;
* დამარცხების შიში ერთადერთი რამეა, რაც ოცნებების ასრულებას უშლის ხელს;
* როდესაც ვინმე მიდის, ეს იმიტომ, რომ სხვა მოვიდეს;
* თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები;
* როდესაც თქვენს გზას იპოვნით, ნუ შეგეშინდებათ.უნდა გაგაჩნდეთ საკმარისი ძალა და მხნეობა, რომ შეცდომების დაშვების არ გეშინოდეთ. იმედგაცრუება, დამარცხება და სასოწარკვეთილება საშუალებებია, რომლითაც ღმერთი სწორ გზას გვიჩვენებს;
* ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვნა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა, რადგან გვეშინოდა ტანჯვის;
* იმ წამიდან, როდესაც სიყვარულის ძებნას ვიწყებთ, სიყვარულიც იწყებს ჩვენს ძიებას;
* მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ეპიზოდები განდევნო, გაუშვა, გათავისუფლდე! ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ გახსნილი კარტებით არასოდეს თამაშობენ. ცხოვრება ასეთია: ან იგებ, ან აგებ. წაგებულს კი უკან აღარ აბრუნებენ; შენ ძალას აღარ აღიარებენ, შენს თვისებებს არავინ აღმოაჩენს და არც სიყვარულს დაგიფასებენ არასოდეს – სიამაყის,უუნარობისა და ამპარტავნების გამო კი არა, მარტივი მიზეზისდა გამო: ცხოვრებაში მათი ადგილი არ არის, თუ თავად არ მოძებნე… დრო კი გადის… და სანამ კიდევ შეგიძლია მიხურე კარი… ან შეეგუე იმას, ვინც ხარ. ან გადაიქეცი იმად, ვინც გინდა იყო;
* არის წამები, როდესაც პრობლემები იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისინი. თუმცა მათაც გარკვეული დანიშნულება და მისია აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში. და მხოლოდ მაშინ, როდესაც გადავლახავთ მათ, ვხდებით, თუ რატომ მოვიდნენ ისინი;
* სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს. როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს;
* როდესაც გვიყვარს, ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ. და როდესაც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთესობისაკენ იცვლება;
* დაეცე შვიდჯერ და ფეხზე წამოდგე რვაჯერ. აი, რა არის ცხოვრების საიდუმლო;
* მიყვარხარ იმიტომ, რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა, შენ რომ მეპოვნე.