თბილისში დენის ახალი ტარიფი 18 დეკემბრამდე გახდება ცნობილი
სემეკ-ის წევრი გოჩა შონია ვარაუდობს, რომ “თელასის” სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო ვადამდე – 18 დეკემბრამდე გაცილებით ადრე იქნება მიღებული.
ამის შესახებ შონიამ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სამომხმარებლო ტარიფის შეახებ საჯარო განხილვის დაწყებამდე განუცხადა.
“თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით ბოლო ვადა 18 დეკემბრამდე გვაქვს. თუმცა, დიდი ალბათობით, მანამდე მომზადდება ეს საკითხი, გამოვა კომისიის სხდომაზე და შესაბამისად კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი არ იქნება. დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და ვფიქრობ, რომ გაცილებით ადრე მოხდება გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე ეს არის 18 დეკემბერი”, – განაცხადა შონიამ.
სემეკ-ში „თელასის“ ტარიფთან დაკავშირებით, ცვლილებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტო. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად კი განსაზღვრულია 2015 წლის 18 დეკემბერი.