ყვარელში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 891 000 ლარს გაუტოლდა

ყვარელში 20 აგვისტოს სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დასრულდა. შედეგებით ცნობილია, რომ აღწერილია 550-მდე ოჯახი, რომელსაც სეტყვამ ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. თანხის საერთო მოცულობამ კი 891 000 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, სტიქიამ ზარალი სოფლის მეურნეობასაც მიაყენა. ძლიერი წვიმის შედეგად, საფერავის ჯიშის 1300 ჰექტარი, ხოლო რქაწითელის ჯიშის 1000 ჰექტარი ყურძენი გაანადგურდა.
„არცერთი მოსახლე არ დარჩება ისე, რომ მას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურდეს. ანაზღაურება მოხდება როგორც დაზღვეულების, ისევე დაუზღვევლების. არ დარჩება ისე, რომ დაზიანებული საცხოვრებლები არ შეკეთდეს. ვისაც 5 ჰექტამდე მიწის ნაკვეთი აქვს, მიეცემა შხამქიმიკატები, რათა დაზიანებული ვენახი გადაარჩინოს. თითქმის ყველა ბანკს აქვს დაგზავნილი ინფორმაცია, რომ მსესხებლებს გადაუვადონ სესხები“, – აღნიშნა ყვარლის რაიონის გამგებლის მოადგილემ ოთარ გუჯაშვილმა.
რაც შეეხება თუშეთს, ინფრასტრუქტურული ზარალის ოდენობა ამ დრომდე ცნობილი არ არის. ასევე, უცნობია, როდის გაიხსნება ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა გრძელდება.
„თუშეთში მყოფი ყველა ადამიანის ვერტმფრენებით გადმოყვანა მოხერხდა. დაახლოებით 600 ადამიანზეა საუბარი. თუშეთში ამ დროისათვის გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი პროგნოზის გაკეთება ახლა მიჭირს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მუცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი“, – აღნიშნა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები