“დელტა” კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა რომ ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის განეიტრალება დღეს-დღეობით არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია, რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად თავიდან იქნა არიდებული ღრუბლის მასის დამატებითი გაძლიერება, რაც არსებულ ნალექს რამდენჯერმე გაზრდიდა.

“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 19 აგვისტოს 17:30 სთ-დან კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან დაფიქსირდა შემომავალი ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი თავდაპირველად გავრცელდა საგარეჯოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თელავის რაიონის სამხრეთ ნაწილში და გურჯაანში.

21:04 საათზე საგარეჯოს რაიონში კვლავ გავრცელდა ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი გადავიდა ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებშიც.

21:14-დან 21:27 საათამდე საგარეჯოს რაიონში ღრუბლები რაკეტებით დამუშავდა.

22:40 საათზე სიღნაღის და 22:50 საათზე ლაგოდეხის რაიონებში ღრუბელი გაძლიერდა და სეტყვის ალბათობამ 80% შეადგინა.

რაკეტებით ზემოქმედების შედეგად 23:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა მხოლოდ უმნიშვნელო მოღრუბლულობა.

01:15 საათისთვის საგარეჯოს და ახმეტის რაიონების ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდა სეტყვასაშიში ღრუბელი. აქტიური ზემოქმედების შემდეგ 04:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა უმნიშვნელო მოღრუბლულობა.

ზემოთ აღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში შემოიჭრა 1000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ღრუბელი. სეტყვის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა კი 15-დან 30 მმ-მდე მერყეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები