თბილისში „ბარსელონა“ -„სევილიას“ მატჩზე აფხაზების ჩამოსვლას ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახური იძიებს

„ჩვენ საქართველოსთან ომში გავიმარჯვეთ, დღეს კი მზად ვარ, ჩვენი მტრის წინაშე თავები დავხაროთ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ თბილისში 11 აგვისტოს „ბარსელონა“ – „სევილიას“ მატჩზე აფხაზი ახალგაზრდების ჩასვლის ფაქტის კომენტირებისას. როგორც მან ტყვარჩელის მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ეს ახალგაზრდები თბილისში „არავის გაუგზავნია“.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გამოძიებით რესპუბლიკის უშიშროების სამსახურია დაკავებული.
„ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთის ორი მოქალაქე თბილისში ბავშვების სამკურნალოდ წავიდა, ხოლო დანარჩენების საქმეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იძიებს. ჩვენ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
რაულ ხაჯიმბა ასევე შეეხო საქართველოდან აფხაზეთში ტვირთების მიწოდებას და ამაზე კონტროლის დაწესება მოითხოვა.
„ჩვენ საქართველოში მხოლოდ სამკურნალოდ არ ჩავდივართ. აქტიურად ვითარდება ბიზნესი. ამიტომ ან უნდა დავხუროთ საზღვარი, ან სახელმწიფომ ამ ტვირთების შემოსვლაზე კონტროლი უნდა დააწესოს“, – აღნიშნა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები