რთვლის სეზონის მოახლოებასთან ერთად, კახეთში ვნებათაღელვა მატულობს

 

რთვლის სეზონის მოახლოებასთან ერთად, კახეთში ვნებათაღელვა მატულობს. გლეხები არ მალავენ, რომ თუკი სახელმწიფო სუბსიდირებას არ განახორციელებს და ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები ეღირება, ისინი დანახარჯის ამოღებასაც კი ვერ მოახერხებენ.

როგორც „ახალი თაობა“ წერს, ცალკე თემაა ის მოსახლეობა, რომელსაც ვენახი დაესეტყვა და მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა. მეორე მხრივ, ფრთხილობენ ღვინის ქარხნებიც, რადგან მათ ჯერ შარშანდელი მოსავალიც არ გაუყიდიათ და ახლა კიდევ ღვინისთვის ყურძნის მიღება და ღვინის დამზადება, სერიოზულ ხარჯთან არის დაკავშირებული და ეს იმის ფონზე, როცა არავინ იცის, დაუწესებს თუ არა რუსეთი საქართველოს სავაჭრო ემბარგოს.

სხვა საკითხია, როგორ იმოქმედებს რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის ღვინის ექსპორტზე. პარალელურად, ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ჩვენი მთავარი ეკონომიკური გათვლა იქნება, არც გლეხის ოჯახს და არც ქვეყნის ბიუჯეტს შველა არ უწერია.

“თუ ბიზნესმა არ იყიდა ყურძენი, როგორც ჩანს ან დააძალებენ ან „სთხოვენ“, ან მთავრობა თვითონ იყიდის მევენახეებისგან. ფაქტობრივად, ეს არის მოსახლეობის მოსყიდვა რაღაც პოლიტიკური მიზნებით, რომელსაც ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არა აქვს“,- ეს განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა.

რთვლის მოახლოებასთან ერთად, გლეხები ყურძნის მოვლისთვის დახარჯულ თანხას ითვლიან. იმ შემთხვევაში, თუ წელს ყურძენს 1 ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარებენ, აცხადებენ, რომ მოგებას ვერ ნახავენ. გლეხებისთვის პრობლემური მოსავლის ის ნაწილიც არის, რომელიც სეტყვამ დააზიანა. არადა, ყველანაირი გათვლით, ყურძნის ფასი წელს შარშანდელზე ნაკლები იქნება. ღვინის ქარხნები კი უკვე აცხადებენ, რომ საკმარისზე მეტი მარაგი აქვთ და მთელ მოსავალს ვერ ჩაიბარებენ.

ამ ფონზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო სუბსიდირების პროგრამას იწყებს შემცირებული ექსპორტისა და რუსეთის შესაძლო ემბარგოს გამო მევენახეები დახმარებას სახელმწიფოსგან მიიღებენ. მევენახე გოგი ერგემლიძე ამბობს, რომ ყურძენს მოვლა უნდა. „მოხვნა უნდა, გაფურჩქვნა უნდა, წამვლა უნდა, გათიბვა უნდა და ლარზე ნაკლები, აბა, რა არის?! დახარჯულ თანხასაც ვერ ამოვიღებთ“, – აღნიშნავს იგი.

შპს „ვაზიანი კომპანის“ დირექტორი ლევან ფაღავა აცხადებს, რომ კომპანია გასულ წელთან შედარებით, წელს 60%–ით ნაკლებ ყურძენს მიიღებს მოსახლეობისგან.

„2014 წელს 2000 ტონა ყურძენი მივიღეთ. წელს საახლოებით 700–800 ტონა საფერავის მიღებას ვგეგმავთ. ღვინის ექსპორტის შემცირების გამო პრობლემები გვაქვს“, – აცხადებს ფაღავა.

ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდის“ დირექტორი ზაზა ბეჟაშვილი კი აცხადებს, რომ გასულ წელს დაახლოებით 600 ტონა ყურძენი მიიღეს, წელს რამდენ ტონას მიიღებენ, ჯერ არ იცის. „იმაზე ვართ დამოკიდებული, რთვლამდე რამდენ ღვინოს გავყიდით“, – აღნიშნავს ბეჟაშვილი.

მოსახლეობისგან ყურძნის მიღებას წელს არ აპირებს არც შპს „ასკანელი ძმები“. კომპანიამ 1000 ტონაზე მეტი ყურძენი გასულ წელს ყვარელში ჩაიბარა. გასულ წელს 5000 ტონა ყურძენი მიიღო კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“. კომპანიის დირექტორი ზურაბ ჭიჭინაძე ამბობს, რომ წელს უფრო მეტი ყურძნის მიღებას აპირებენ.

„წელს ფასი, სავარაუდოდ, უფრო ნაკლები იქნება. ფასი დადგინდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები ხარისხის და ფასის კუთხით, ამ კრიზისთან მიმართებაში. ეს არის მათვარაი და უპირატესი. როგორც კი ღვინის მწარმოებლებმა მაღალ ფასად ჩავიბარეთ ყურძენი, ამას დაემატა ინფლაცია, ამას დაემატა სხვა პრობლემები ჩვენს საექსპორტო ბაზრებზე და ვიღებთ იმ სურათს, რომ წელს ზოგიერთი კომპანია თითქმის საერთოდ არ აპირებს, არ გეგმავს ყურძნის შეძენას. ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავდივართ. ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ სტაბილური შუალედი დავიცვათ, ეს იოლი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი“, – აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი, კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„სუბსიდირება შეიძლება დაეხმაროს გაჭირვებულ მოსახლეობას. ესეც აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის წლევანდელ მაჩვენებელზე და ეს იქნება ძალიან უნუგეშო სიტუაცია“, -ასეთია ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრი.

„მოკლედ, ხელისუფლებას სერიოზული საზრუნავ-საფიქრალი აქვს. რთველი კარსაა მომდგარი და რეალურად, ფასზე ვერავინ ვერაფერს ამბობს, თუმცა საქმე მხოლოდ ფასიც არ არის, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქარხნები ყურძენს უბრალოდ ვერ მიიღებენ და ამ დროს რა შედეგს გამოიღებს სუბსიდირება, ძნელი სათქმელია. ყველაფერ ამის ფონზე კი, რამდენად სამართლიანად იმუშავებს საწარმოებში ჩაბარებულ ყურძენზე ცნობის გამოწერა, სხვა საკითხია. კორუფციული გარიგების რისკი ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი იქნება“, – წერს „ახალი თაობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები