სტიქიით დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდვის თაობაზე თანხმობა სვანიძის ქუჩის მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა ახალბედაშვილების ოჯახმა განაცხადა.
როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ განაცხადა, ეს შეთანხმება უკვე 29-ე ხელშეკრულებაა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებულებთან გაფორმდა.
„ეს გახლავთ უკვე 29-ე ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა სტიქიით დაზარალებულებულებთან. ახალბედაშვილების ოჯახმა განაცხადა თანხმობა მათ საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის მიერ გამოსყიდვის თაობაზე. მათ შესაბამისი თანხა უკვე აესახებათ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე“, – განაცხადა კარლო ლაფერაძემ.