ფოთს პლაჟის საწმენდი სპეციალური მანქანა გადმოეცა
საგრანტო პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 365ათას ლარად ღირებული ,,ბიჩტეკი-300’’ შეიძინა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 15% იყო. ”ბიჩტეკი – 300” სახელწოდების, თანამედროვე, ზღვის ნაპირის-პლაჟის საწმენდი მანქანა დანადგარია, რომელიც კომპლექტურია და შედგება ორი ნაწილისაგან: ტრაქტორისა და უშუალოდ საწმენდი მექანიზმისგან. ტექნიკური მხარეების დაზუსტების შემდეგ, ნაპირსაწმენდი მანქანა – დანადგარი ფოთის მუნიციპალიტეტის შ პ ს ,,ინფრასტრუქტურა 2008,,-ს საექსპლუატაციოდ უახლოეს დღეებში გადაეცემა. ფოთისათვის მეტად საჭირო და დროული შენაძენი ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამიერიდან ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო, პირველად დასუფთავდება სპეციალური მექანიზმებით, რაც, უთუოდ ხელს შეუწყობს ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.