დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეიდან იწყება. როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენ ფრინველზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 ან იხილეთ სამინისტროს ვებ და Facebook გვერდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები