შსს-ს შესახებ გადაღებული კლიპი MUSICBED-ის საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი (ვიდეო)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ გადაღებული კლიპი MUSICBED-ის საერთაშორისო ფესტივალზეა წარდგენილი! – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
შს სამინისტროს საიმიჯო კლიპი სახელწოდებით – „ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას“ 2015 წლის 9 ივნისს გამოქვეყნდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, „ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას“,- ეს ის ძირითადი მესიჯია, რომელსაც ვიდეორგოლის საშუალებით შსს მოქალაქეებს უგზავნის.
მასში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცავთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაქციები საგანგებო სიტუაციებში.
სოციალური რეკლამის შექმნის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობის და მხარდაჭერის განმტკიცება. ვიდეორგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის ტონი ანდერსონის მუსიკა The Impossible არის გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფესტივალი Musicbed არის საერთაშორისო მუსიკალური ლიცენზიების გამცემი კომპანია. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საუნდტრეკებს ფილმებისთვის, კლიპებისთვის და რეკლამებისთვის. აქვთ ექსკლუზიური კონტრაქტები კომპოზიტორებთან. ეს არის პირველი ფესტივალი და რამდენიმე გამარჯვებულის შერჩევას გეგმავენ. ფესტივალის გამარჯვებულებს 50 000 ევროს ღირებულების პრიზები გადაეცემათ.