ბექა ნაცვლიშვილი: განცხადებების სიმრავლის გამო კომისიის სხდომა, ერთის ნაცვლად, კვირაში ორჯერ იმართება
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მოქალაქეების განცხადებების განხილვას განაგრძობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დღეს მიწის ლეგალიზაციის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც 71 საკითხი განიხილებოდა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, განცხადებების სიმრავლის გამო კომისიის სხდომა, ერთის ნაცვლად, კვირაში ორჯერ იმართება.
,, თავდაპირველად შემოსული განცხადების დეტალური შესწავლა ხდება, რის შემდეგაც ინიშნება სხდომა და კომისიის წევრები უშუალოდ განმცხადებელთან ერთად გავდივართ შესაბამის საკითხებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მისამართით გაჩნდა დამატებითი კითხვები, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
საკრებულოს დეპუტატების გარდა, კომისიაში თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები შედიან.