ბექა ბასილაია: ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა არავის უცდია

არავის უცდია ზურაბ ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა და კობა ხარშილაძემ თავისი განცხადებით საკუთარ თავს ავნო, – ამის შესახებ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ხარშილაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე უდანაშაულონი არიან.
“არავის უცდია ჟვანიას სახელის ლაფში ამოსვრა. თუ ვინმეს ზიანი მიადგა, ეს კობა ხარშილაძე იყო მის მიერ გაკეთებული განცხადებით, რომელმაც საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია. კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დღემდე მეგობრად თვლის და ამბობს, რომ მასთან ვალშია, მაგრამ ამ ადამიანებს სხვა გზა არ დაუტოვეს. რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებამდე კობა ხარშილაძეს ამ თემაზე არ უსაუბრია, თუმცა გადაწყვიტა იმიტომ, რომ რაც ეჭვებია დარჩენილი, თითქოს ამათ ვინმეს ხელი შეუწყვეს, ანუ მოკლეს, პასუხი გაეცეს. ყველაფერს პასუხი იმიტომ უნდა გაეცეს, რომ ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატმა ნაფიც მსაჯულებს შეახსენა დაცვის მხარის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები და აღნიშნა, რომ არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების უდანაშაულობას ადასტურებს. მან მსაჯულებს თხოვნით მიმართა, რომ სათათბირო ოთახში გასვლის დროს რამდენიმე გარემოება გაითვალისწინონ. კერძოდ, გაითვალისწინონ, როგორი პიროვნება იყო ზურაბ ჟვანია და ეყოლებოდა თუ არა მას გულგრილი პირები საკუთარ დაცვაში და ასევე გაითვალისწინონ, რას წარმოადგენდა თავად ზურაბ ჟვანია ბრალდებულ ხარშილაძისთვის და ძაძამიასთვის. ბექა ბასილაიას თქმით, დასაცავი პირის მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება იყოს დასჯადი ქმედება და ამის გამო არ შეიძლება დაისაჯონ დაცვის წევრები, რომლებმაც დასაცავი პირის მოთხოვნა შეასრულეს. დღეს მათ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები