კავშირგაბმულობის სპეციალისტთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ კავშირგაბმულობის სპეციალისტთა კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს მომზადების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.„საჰაერო თავდაცვა და კავშირგაბმულობა ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს და, დღეის მდგომარეობით, 2016 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებისა და პროგრამულ ბიუჯეტში არის კიდეც გათვალისწინებული. თავისთავად ის ფაქტი, რომ სასწავლო პროგრამა მხოლოდ 8 კურსანტმა გაიარა, ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზეც, რომ გარდა ტექნიკური შესაძლებლობებისა, კადრების დეფიციტიც გვაქვს ამ თვალსაზრისით და სწავლების ნაწილშიც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ მიმართულებაზე. ამიტომ, შეიარაღებულ ძალებში ნებისმიერი მიმართულება და სახეობა თანაბრად განსავითარებელი და გასაძლიერებელია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პროგრამის მონაწილეებმა სწავლება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის შემდეგ გაიარეს.
კავშირგაბმულობის სპეციალისტთა მომზადების 6-თვიანი კურსი სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ კავშირგაბმულობის სპეციალისტთა მომზადების სკოლაში ჩატარდა.
ტრენინგი ოთხ მოდულს მოიცავდა.
მსმენელებმა ელექტროობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის საფუძვლები, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებები და ტაქტიკა შეისწავლეს.
კურსის მონაწილეები სტაჟირების მიზნით სხვადასხვა ქვედანაყოფში იყვნენ გადანაწილებულები, სადაც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.
მიმდინარე შეფასებების გარდა, მსმენელებმა მოდულის დასკვნითი გამოცდები, კურსის დასასრულს კი, გამოსაშვები გამოცდები ჩააბარეს.
დღეიდან ისინი, სხვადასხვა ქვედანაყოფში, კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურებად იმსახურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები