აფხაზეთში ომის დაწყებიდან 23 წელი გავიდა
ზუსტად 23 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 13 თვეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში, რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭო ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის აგუძერის დასახლებაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტი დაიწყო.
იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. ქალაქს აფხაზთა 300-კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება.
18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა.
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო.საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. აფხაზეთის ომის შედეგად, 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი დაიღუპა, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარემ უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.