ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ტელეკომპანია “რუსთავი 2” ცალმხრივად და მიკერძოებულად აშუქებს მათ სარჩელთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობას და ამ დავასთან მიმართებაში განხორციელებულ მოქმედებებს“, – ამის შესახებ ნათქვამია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „კვირა“ ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“კერძოდ, საერთოდ არ გაშუქებულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიმართვა არასამთავრობო სექტორისადმი, ასევე არაფერი თქმულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ ეუთოს წარმომადგენელთა მოწვევაზე სასამართლო პროცესზე დაკვირვებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ცალსახაა, რომ ტელეკომპანია უპრობლემოდ ფუნქციონირებს და მას საქმიანობაში ხელი არ ეშლება.
“რუსთავი 2″-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიექტურობაზე მეტყველებს და საზოგადოების რეალური ფაქტებით ინფორმირებას არ უწყობს ხელს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ტელეკომპანია თავს მოდავე მხარედ მიიჩნევს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არ შეიძლება იყო მედიასაშუალების მიერ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებით ჩვენს პოზიციას, რომ გვსურს პროცესი იყოს მაქსიმალურად ტრანსპარენტული და ყველა მედიასაშუალება, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა დაიტერესებული პირი აქტიურად იყოს ჩართული სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს არასწორი, არასრული და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას”, – ნათქვამია ადვოკატ პაატა სალიას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები