ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ ბენგსტონსა და მის ქართველ პარტნიორებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო განიხილეს.
ხადურმა სტუმარს საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ხადურმა ასევე იმ მასშტაბური ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში უმასპინძლა.
ესენია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრები, ახალგაზრდული ოლიმპიადა, ევროპის სუპერთასის ფინალი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში თბილისი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდს უმასპინძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაგეგმილია „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობას აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ტურისტების მოზიდვას, ეკონომიკის განვითარებას.
საუბარი შეეხო ასევე „ბეთსონ ჯგუფის“ სამომავლო გეგმებს, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან და ადგილობრივი კვალიფიციური საინჟინრო პოტენციალის გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ბეთსონ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრები თბილისში ნაყოფიერი იქნება და კომპანია ახალი ინვესტიციებით შეძლებს საქმიანობის გაფართოებას ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები