გიორგი მარგველაშვილი: თუ პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს პოლიციასაც
ძალიან მძიმეა დაჭრილი პოლიციელის ნახვა, პოლიციელისა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს იცავდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი მაიორი პოლიციელის მონახულებისას.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს პოლიციელებს, რადგან ისინი ადამიანების უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ.
“თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას, პატივს ვცემთ მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციას, რადგან ეს ის ადამიანები არიან, ვინც თქვენ ნახეთ აქ. ახლაც და სხვა შემთხვევებშიც, თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სიმშვიდეს. დავემორჩილოთ პოლიციას, მაგრამ, ამავე დროს, მთავარი არის დამორჩილებამდეც. მანამდე, სანამ თქვენ ქუჩაში გხვდებათ პოლიციელი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც იცავს თქვენს სიცოცხლეს და თქვენც უნდა დაიცვათ ამ ადამიანის სიცოცხლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შედგება სამართლებრივი სახელმწიფო. ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს ვხედავ დაჭრილ პოლიციელებს, ადამიანებს, ვინც ჩვენ გვიცავდა და ვინც, სამწუხაროდ, ამ თავის ბრძოლის ველზე მიიღო ეს დარტყმა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.