ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დიდგორობა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლაა

ჩვენი დიდგორი გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე განაცხადა.
პრემიერმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა და ერს გამარჯვება უსურვა, რადგან, მისივე თქმით, დიდგორობა ქვეყნის სიძლიერისა და დაუმარცხებლობის სიმბოლოა.
მისივე თქმით, სწორი პოლიტიკითა და სტრატეგიით, საქართველო 21-ე საუკუნის ევროპული ტიპის ქვეყანა გახდება.
“დიდგორი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი დაუმარცხებელი ერის სიძლიერის, ჩვენი ხალხის თავისუფლების, ქართველი ხალხის ერთიანობის და გამარჯვების სიმბოლოა. როცა ამ მიწაზე ვდგავართ, განსაკუთრებულ სიამაყეს ვგრძნობთ. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ სამშობლოსთვის დაღუპულ ჩვენს დიდ წინაპრებს, ჩვენს დიდ მეფეს, დავით აღმაშენებელს და კიდევ ერთხელ მოვიხაროთ ქედი მათი და ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის გასწირა თავი. “ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს”, – ბრძანა დიდმა ილიამ და ჩვენც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და ჩვენ დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს.
ჩვენი დიდგორი გრძელდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის და დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა არის ჩვენი თავდადებული შრომა, ჩვენი უანგარო სამსახური ქვეყნის წინაშე.
სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკა და სტრატეგიაა, რითაც ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ და ფეხზე დავაყენოთ ჩვენი საქართველო და ავაშენოთ ძლიერი 21-ე საუკუნეში ევროპული ტიპის, ძლიერი საქართველო. ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობითა და შრომით გავაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს. მთელი გულითა და სულით გილოცავთ დიდგორობას, გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები