რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება
ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება, – ამის შესახებ “კვირას” კომპანია „რუსთავისწყლიდან“ აცნობეს.
ამავე ინფორმაციით, „რუსთავისწყალი“ დღეს დილიდან, იაღლუჯის ქუჩაზე გამავალი ახალი მაგისტრალის წყალსადენის სისტემასთან მიერთების სამუშაოებს ახორციელებს და მას ექსპლუატაციაში გასაშვებად ამზადებს.
ამიტომ დღეს, 09:00-დან 20:00 საათამდე, რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
“იაღლუჯისქუჩაზე 600 მმ-იან მაგიტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კვირაზე მეტია მიმდინარეობს. შეიცვალა 100 მეტრამდე მწყობრიდან გამოსული მონაკვეთი. მაგისტრალური წყალსადენი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მკვებავია და მას იაღლუჯის რეზერვუართან აკავშირებს.
დღესვე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვება. შედეგად, ქალაქის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური გახდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, დღეს დილიდან, პარალელურად, სხვადასხვა ობიექტზე კომპლექსურ პროფილაქტიკურ სამუშაოებსაც ატარებს, ხოლო მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ახალ ტუმბო-აგრეგატს ამონტაჟებს.
კომპანია „რუსთავისწყალი“ შეეცდება, სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი შეძლებისდაგვარად შეამციროს”, – აცხადებენ კომპანიაში.