ნოდარ ჯავახიშვილი „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტს სუზანა მონხესს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, ამავდროულად, ესპანური ჰოლდინგის („Grupo Esentium”) გენერალური მენეჯერია.
სწორედ აღნიშნულ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია ASSIGNIA KOBRA ახორციელებს ახალი მეტროსადგურის „უნივერსიტეტის“ მშენებლობას თბილისში. შეხვედრაზე საუბარი აღნიშნულ პროექტზე გამახვილდა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, რომლის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ის თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად განტვირთავს მიწისზედა ტრანსპორტის ნაკადებს და ხელს შეუწყობს ურბანული ტრანსპორტის შემდგომ განვითარებას.
მხარეებმა, ასევე, ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. კომპანია ASSIGNIA KOBRA ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
აღნიშნული კომპანია უკვე არაერთი წელია მოღვაწეობს საქართველოში.