ვაზიანის აეროდრომზე „ტანკოდრომი“ გაიხსნა

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველი – ე.წ. ტანკოდრომი გაიხსნა.
საბრძოლო მანქანების ტარების ველს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა. კაპრალი უგრეხელიძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის მეორე სატანკო ასეულში ტანკის მძღოლ-მექანიკოსად მსახურობდა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ასევე, დღევანდელ ღონისძიებას კაპრალ რომან უგრეხელიძის მეუღლე ნანი ცქიტიშვილიც ესწრებოდა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვაზიანში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ეს „ტანკოდრომი“, ნატოს საწვრთნელი ცენტრის ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიხსნება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რაც შეეხება ჯავშანტექნიკის განახლებას, მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყება ამ მიმართულებით ძალიან აქტიურ მოქმედებებს ახორციელებს.
„ტექნიკის განახლება ბევრი მიმართულებით იგეგმება. იგეგმება როგორც ლოჯისტიკური საკითხების ფუნდამენტური მოგვარება, ასევე შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვითი ძალების გაძლიერების კუთხით“, – აღნიშნა ინათინ ხიდაშელმა.
„ტანკოდრომი“ მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის მძღოლ-მექანიკოსებისა და მეთაურებისთვის ისეთი სახის დაბრკოლებებს შეიცავს, რომელიც რეალურ საბრძოლო პირობებს მაქსიმალურად ასახავს. სატანკო გვარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
ამ თვალსაზრისით ტანკის ეკიპაჟებისთვის, ტექნიკის ტარების ველებისა და საბრძოლო დირექტრისების მოწყობა მნიშვნელოვანია, რაც ტანკისტების მზადყოფნის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები