„წითელი ჯვარი“ სტიქიით დაზარალებულებს საოჯახო ნივთებით ეხმარება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.
ჰუმანიტარული ტვირთი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობაში მოიტანეს და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ადგილზევე გადასცეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაზარალებულებს სპეციალური კითხვარები შეავსებინეს, სადაც მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ კონკრეტული მონაცემები ჩაწერეს.
ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის, გაიოზ ვასაძისა და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი პირების უშუალო ზედამხედველობით გადაეცათ. დაზუსტებული მონაცემების მისაღებად გამგეობას წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავად მიმართა და ჰუმანიტარული დახმარების ოდენობაც ამ მონაცემის მიხედვით განსაზღვრა.
„თბილისის მერია და საბურთალოს რაიონის გამგეობა მუდმივად ეხმარება სტიქიით დაზარალებულებს, თუმცა ნებისმიერ შემოთავაზებას დაზარალებული მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ამჯერადაც, ჩვენ მივაწოდეთ დაზუსტებული მონაცემები საბურთალოს რაიონის იმ მოსახლეობის შესახებ, ვინც სტიქიამ დააზარალა და დღეს ამ ადამიანებმა თავად წაიღეს საოჯახო ნივთები“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ გაიოზ ვასაძემ.
წითელი ჯვრის საზოგადოებამ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჰიგიენური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები, საკვები პროდუქტები, ლეიბები, საბნები და თეთრეულის კომპლექტები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები