ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ვახტანგ კაპანაძე ესტუმრა
ქართველი ტანკისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – დავით ებრალიძე და ანა დოლიძე ესტუმრნენ.
ტანკისტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველ ტანკისტებს წარმატებები უსურვა.
ტანკისტებს პროფესიული დღე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კოპაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
საზეიმო ცერემონიალის დასასრულს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილეm დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობა კაპელანმა მამა იოანემ დალოცა. ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში „ღია კარის“ დღე მოეწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და გენერალური შტაბის უფროსმა სასწავლო ცენტრის ტექნიკა და ინფრასტრუქტურა, მოგვიანებით კი, ყაზარმები და სასადილო დაათვალიერეს. ტანკისტების პროფესიული დღე 1992 წლის 10 აგვისტოდან აღინიშნება, პირველი ქართული სატანკო ქვედანაყოფი სწორედ ამ დღეს შეიქმნა.