რუსეთმა სანქციებში მოხვედრილი პროდუქტების განადგურება დაიწყო
რუსეთმა საზღვარზე სანქციებში მოხვედრილი პროდუქტების განადგურება დაიწყო. ეს პროდუქტები ქვეყნის საზღვრის დასავლეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებზე ყოველდღე გადადგურდება. ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა.
„ეს იქნება კალინინგრადი, სანქტ-პეტერბურგი, ბრიანსკი, სმოლენსკი, ფსკოვი, როსტოვის ოლქი, ორენბურგი, სარატოვი, ალტაი. ყველგან, სადაც კონტრაბანდა იარსებებს“, – განაცხადა ალექსეენკომ. მისი თქმით, გასანადგურებელი პროდუქციის ოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 2015 წლის 6 აგვისტოდან საზღვარზე სანქციებში მოხვედრილი პროდუქტების განადგურება ნებისმიერი მეთოდით არის დაშვებული. ამასთანავე, ამ პროდუქტების მფლობელი კომპანიის და ადრესატის ვინაობას მნიშვნელობა არა აქვს.
პროდუქტების განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ინციდენტები. ბელორუსია -რუსეთის საზღვარზე მებაჟეებმა სატვირთო ავტომობილი გააჩერეს, რომელიც პომიდვრით იყო დატვირთული. პროდუქციას შესაბამისი დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდა და ის განადგურებული უნდა ყოფილიყო. თუმცა მძღოლმა რუს მესაზღვრეებს დაასწრო და მანქანა გაიტაცა. ის კვლავ ბელორუსიის ტერიტორიაზე დაბრუნდა.