მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა სამინისტრო თაღლითობაში დაადანაშაულა
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა სამინისტრო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ოდესის საბაჟოს საინდიკატორო შემოსავლების ოდენობა ივლისის თვიდან ერთნახევარჯერ ხელოვნურად არის გაზრდილი. ამის შედეგად უწყება შეუძლებელს ხდის ზეგეგმური თანხების დახარჯვას ოდესა-რენის საავტომობილო გზის მშენებლობაზე. ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე არ ვიცი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, და ეს მაშინ ხდება, როდესაც სახალხოდ იყო გაცხადებული – თუ იქნება გეგმის გადაჭარბება, ეს თანხები ოდესა-რენის გზის მშენებლობაზე დაიხარჯება. მოსახლეობა მეკითხება – სად არის გზა? მე ვპასუხობ – როდესაც გავზრდით საბაჟო შემოსავლებს. და უცებ მესმის – საბაჟოს გეგმა 20 პროცენტით გაზარდეს, ხოლო 30 პროცენტი გაურკვეველი მიმართულებით გაქრა. რეალურად გეგმამ 50 პროცენტით მოიმატა. ეს არის თაღლითობა და არ მესმის, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება – არც ეროვნული ვალუტის კურსი შეცვლილა და არც ეკონომიკას დაუწყია ზრდა“, – აცხადებს სააკაშვილი.
ოდესის გუბერნატორი ამბობს, რომ ოდესა – რენის გზა მაინც აშენდება, ოღონდ ამაში ადგილობრივ ადმინისტრაციას ხელი არ უნდა შეუშალონ. ეს მაქინაციები ოდესის მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. თუ ეს გზა მანქანებისთვის არ აღდგება, კარგი გზა იქნება ტანკებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იქ ვერ დადიოდეს და ტანკები – კი.
„ეს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა“, – ამბობს სააკაშვილი.