ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა – 25 ადამიანი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა, რომელიც იტალიისკენ მიდიოდა. Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ხის ნავი, რომელზეც რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა, ამობრუნდა და ჩაიძირა. ამ დროისთვის ცნობილია 25 დაღუპულის და 400 გადარჩენილი მიგრანტის შესახებ, თუმცა „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დაღუპული შეიძლება 100-ზე მეტი იყოს.
ერთ-ერთი ვერსიით, ნავის ამობრუნების მიზეზი სამაშველო ხომალდის მიახლოების მომენტში მიგრანტების ერთ-ერთ ბორტზე თავმოყრა გახდა.
სამაშველო ოპერაციას იტალიის სანაპირო დაცვა ახორციელებს. მისი ინფორმაციით, კატასტროფის მომენტში ნავზე 400-დან 600-დე მიგრანტი იმყოფებოდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვაში წლის დასაწყისიდან 2000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ყველაზე მასშტაბური ტრაგედია 2015 წლის 18 აპრილს მოხდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად 700 მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები