რუსეთმა და საფრანგეთმა „მისტრალებთან“ დაკავშირებით დავა მოაგვარეს

მოსკოვსა და პარიზში განაცხადეს, რომ „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენზმიდის კონტრაქტებზე არსებული ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, საფრანგეთმა რუსეთს 1,1 მილიარდი ევრო გადაურიცხა. სექტემბერში ამ ხომალდებიდან რუსული დანადგარების დემონტაჟი დასრულდება, რის შემდეგ საფრანგეთი მათი სრულუფლებიანი მფლობელი გახდება.
„კომერსანტის“ ცნობით, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა და ფრანსუა ოლანდმა 2011 წელის 17 ივნისის კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
ასე, რომ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე დავას საბოლოოდ წერტილი დაესვა. 2014 წლის სექტემბერში ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ „მისტრალებს“ რუსეთს ვერ გადასცემს, ვინაიდან „უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედება ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს არღვევს“.
ამის საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საფრანგეთისგან წინმსწრებად გადახდილი თანხის დაბრუნებას მოითხოვს.
მოლაპარაკების პერიოდში ფრანგული კორპორაცია DCNS-ი, რომელმაც ეს ხომალდები გამოუშვა, მათ შენახვაზე ყოველთვიურად 5 მილიონ ევროს ხარჯავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები