ჰიროსიმაში ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია გაიმართა
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური დამომბვის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია გაიმართა. ზუსტად 70 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს, ამერიკელებმა ქალაქში ატომური ბომბი ჩააგდეს.
ჰიროსიმის მშვიდობის პარკში ქალაქის რამდენიმე ათასი მკვიდრი, ასევე იაპონელი და უცხოელი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკულმა ბომბდამშენმა Enola Gay-მ ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩააგდო. 15 კილოტონის სიმძლავრის ბომბმა ერთი კილომეტრის რადიუსში ყველაფერი გაანადგურა. სხვადასხვა მონაცემით, უშუალოდ აფეთქების შედეგად დაიღუპა 70-დან 100 ათასამდე ადამიანი. ათასობით ადამიანმა დასხივება მიიღო და რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა.
სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, ამერიკელებმა მეორე ბომბი ქალაქ ნაგასაკიში ჩააგდეს. იაპონია იძულებული გახდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა.