აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში პირს ბროსნანი დააკავეს
ცნობილი ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი პირს ბროსნანი აშშ-ს ვერმონტის შტატის აეროპორტში დააკავეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, აგენტ 007-ის როლის შემსრულებელი თვითმფრინავის ბორტზე სანადირო დანის შეტანას ცდილობდა.
უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლებმა დასაკეცი სანადირო დანა ბროსნანის ბარგის შემოწმების დროს აღმოაჩინეს. აეროპორტის თანაშრომლებმა მსახიობს დანა ჩამოართვეს, რომლის სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში 12,7- ს, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში 25,4 სანტიმეტრს შეადგენდა. ამის შემდეგ მსახიობი გაათავისუფლეს.
ქალაქ ბერლინგტონის აეროპორტის წესების მიხედვით, სადაც პირს ბროსნანი დააკავეს, აკრძალულია 10,16 სანტიმეტრზე გრძელი დანის, მაკრატლის და სხვა საჭრელი ინსტრუმენტის ხელბარგით გადატანა.
თავად ბროსნანი ძალზე გაოცებული და გულდაწყვეტილი იყო, რომ მას ეს დანა წაართვეს.