„როსნეფტის“ პრეზიდენტი ქვეყანაში ბენზინის დეფიციტს ელოდება
„როსნეფტის“ პრეზიდენტი იგორ სეჩინი ქვეყანაში ბენზინის დეფიციტს ელოდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ნავთობის დარგს დამატებით შეღავათებს არ დაუწესებს. ამის შესახებ РБК-daily ვლადიმერ პუტინის სახელზე გაგზავნილ სეჩინის წერილზე დაყრდნობით იუწყება.
იგორ სეჩინის წერილში აღნიშნულია, რომ საწვავის მოხმარების დღევანდელი ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში საწვავის დეფიციტმა შიდა ბაზარზე 2017 წელს შეიძლება წელიწადში 5 მილიონი ტონა შეადგინოს. ამის შედეგად მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზების პროექტები ან გაჩერდება, ან მნიშვნელოვნად გაიწელება დროში.
კერძოდ, სეჩინი რამდენიმე შეღავათის დაწესების წინადადებით გამოდის. მათ შორისაა იმ კომპანიების ინვესტიციების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ პროექტებს ახორციელებენ. სეჩინის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ გადაიარაღებას სწორედ „როსნეფტი“ ახორციელებს. ასევე ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელი სარკინიგზო ტარიფებზე შეღავათებს ითხოვს.
„როსნეფტის“ ხელმძღვანელი ამ საკითხების სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსის საპრეზიდენტო კომისიის სხდომაზე განხილვას ითხოვს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.