20 აგვისტოდან მარტოხელა პენსიონერებს შეჩერებული დახმარება აღუდგებათ

„მარტოხელა პენსიონერებს 20 აგვისტოდან შეჩერებული დახმარება აღუდგებათ“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ სოციალური შემწეობის ეტაპების გაცნობისას განაცხადა.
მისი თქმით, 20 გვისტოდან პენსიონერებისთვის იმ თანხების გაცემა დაიწყება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად დამტკიცდა.
„ის მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდათ დახმარება, ჩვეულებრივი წესით დახმარების მიღებას შეძლებენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადამიანებით მანიპულირებამ და შეჭირვებული ოჯახების გამოყენებამ მათი პოლიტიკური მიზნებისათვის“,- განაცხადა სოფრომაძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის საჭიროება იცის.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო ეხმარება მხოლოდ ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს და ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას აღმოუჩინოს ფინანსური დახმარება.
„ამისათვის არსებობს კომპენსაციის სხვა მექანიზმები და თქვენ იცით, რომ ჩვენი სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტროც არაერთი წარმატებული პროგრამის ავტორია“,- აღნიშნა სოფრომაძემ და დასძინა, რომ ერთ-ერთი ასეთი არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ოპონენტების მხრიდან სრულიად უსაფუძვლო შენიშვნების თემა გახდა.
სოფრომაძის ინფორმაციითვე, დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების თხოვნით მილიონ 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები