დილიდან 100-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა

დღეს დილიდან თბილისში, მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, გაიფიცა.
მათი გაფიცვის მიზეზი ყოველდღიური გეგმის შესრულებას უკავშირდება. მძღოლების თქმით, დასვენების დღეებში და ასევე სხვადასხვა დღესასწაულზე გეგმური საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ, რის გამოც თითქმის ყველა მათგანს კომპანიის ვალი აქვს.
მათივე მტკიცებით, ასეთი სახის შეხვედრა რამდენჯერმე დაიგეგმა, თუმცა ყოველ ჯერზე კომპანიის მიზეზით გაუქმდა. ამჯერად ისინი კომპანიის მესვეურებთან შეხვედრას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების თანდასწრებით ითხოვენ.
მძღოლები კომპანიის მხრიდან დაშინების ფაქტზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუშინ, გვიან ღამით, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელები ურეკავდნენ და მძღოლების ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ თუკი გაიფიცებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის წარმომადგენლები მათთან შეხვედრაზე უარს იტყვიან, გაფიცული მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
მძღოლების მიერ გამართულ აქციას „თბილისის მიკროავტობუსში“ საბოტაჟად აფასებენ.
„ეს არანაირი გაფიცვა არ არის. ეს არის რაღაც ჯგუფის მიერ საბოტაჟის მცდელობა. წარმოდგენა არ გვაქვს, ამ ხალხს რა უნდა. არავინ არ მოსულა, არაფერი არ მოუთხოვიათ. დღეს გადაწყვიტეს, რაღაც თავიანთი პრეტენზიები აქვთ. ეს არის ის ხალხი, რომლებსაც, ასე თუ ისე, რაღაც დარღვევები აქვთ და იმ დარღვევების ჩამოწერა უნდათ.
ზოგი დააჯარიმეს იმისთვის, რომ სიგარეტს ეწეოდა, ზოგს კონდიციონერი არ ჰქონდა ჩართული, ზოგი გადასახადს არ იხდიდა და ა.შ“,- განაცხადა „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები