ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დამთვალიერებლებს დღეიდან უმასპინძლებს. დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა საზეიმოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გახსნეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი საშუალებას მისცემს ნებისმიერ ვიზიტორს და ბუნების მოყვარულს უფრო კომფორტულად დაისვენოს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე და დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.
მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების შექმნა და განვითარება მათი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ზოგადად ბუნების მოვლა პატრონობა ხელს უწყობს საქართველოს დაახლოებას დასავლურ პრინციპებთან, ღირებულებებთან, კრიტერიუმებთნ, რასაც ჩვენი ქვეყანა და არა მარტო გარემოს დაცვის სფეროში, ასე ძალიან ესწრაფვის.
„არ მომერიდება ბანალურობის და ვიტყვი, რომ ამ ლამაზი ბუნების დაცვა და მოფრთხილება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა და, ჩემი აზრით, სწორედ ასეთ გარემოში მოვლილ ლანდშაფტში ყველა უკეთ შეიცნობს და ეზიარება ამ ღირებულებას. სწორედ ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს და შეაყვარებს საკუთარ სამშობლოს“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ამ და მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მრავალი წელია მხარში უდგას და ეხმარება ქვეყანას დაცული ტერიტორიების მოვლაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების დონორ ორგანიზაციებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი წლების მანძილზე უწევენ ქვეყანას.
ეკატერინე გრიგალავამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის საკრედიტო ბანკს, რომელთა მხარდაჭერითაც განხორციელდა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ცენტრის მშენებლობა.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა და მასში ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის თბისა და მადატაფის ტბის აღკვეთილები შედის.
დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი – 16209,42 ჰექტარს შეადგენს, სადაც, გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე, და საკარვე ადგილები.
ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები სტუმრებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯავახეთის რეგიონის 7 სოფელში – სულდაში, ბოზალიში, დადეში, კარწახში, პატარა ხანჩალში, ჟდანოვსა და ეფრემოვკაში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.