კახეთში ჯილეხის გამოვლენის გამო ვაქცინაციას ახორციელებენ

კახეთში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქონელში ჯილეხის გამოვლენის გამო იძულებით ვაქცინაციას ახორციელებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კარდენახსა და ჯიმითში 809 სული ცხოველი აიცრა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი 706 სული ცხოველია ვაქცინირებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს იორის საძოვრებში ვაქცინაცია 96 სულ ცხოველს ჩაუტარდა.
„წელს კახეთის რეგიონში საქონლის ჯილეხით დაავდების 7 შემთხვევა ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადასტურდა. დაავადების კერებში ვეტერინარულ – სანიტარული წესების დაცვით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და გამოცხადდა კარანტინი, რაც მეცხოველეობის პროდუქტების რეალიზაციის და ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯილეხით დაავადების შემთხვევები აღინიშნა იმერეთში, სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით ჯილეხზე პროფილაქტიკური ვაქცინაცია 511029 სულ შინაურ ცხოველს ჩაუტარა“, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ჯილეხი ადამიანისა და ცხოველის საერთო მწვავე ინფექციური დაავდებაა. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება.
“სამწუხაროდ, მოსახლეობა ხშირად ცხოველის დაცემის ან დაავდების შესახებ ინფორმაციას მალავს და ზოგჯერ საკვებადაც მოიხმარს. ასეთი შემთხვევა აღინიშნა ლაგოდეხის სოფელ გელათში, როცა მეპატრონემ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საქონელის დაცემის შესახებ არ აცნობა და დაავადებული საქონელი დაკლა. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს. დაუშვებელია დაცემული საქონლის თვითნებურად დაკვლა. ასევე სააგენტო შეახსენებს ხორცის რეალიზატორებს, დაუშვებელია სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული საქონლის რეალიზაცია, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა-2″ არ გააჩნია.
სააგენტოს განცხადებით, საეჭვო წარმომავლობის ხორცის დახლზე მოხვედრა მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები