ახალი პროექტით – „საზაფხულო ბაგა-ბაღი“ თბილისში 10000-მდე ოჯახმა ისარგებლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – თამარ ტალიაშვილის განცხადებით, წელს თბილისში სკოლამდელი განათლების მიმართულებით სიახლე დაინერგა.
ამ მხრივ ნოვაციას წარმოადგენს საზაფხულო ბაგა-ბაღები, რომლითაც საზოგადოებამ უფასოდ ისარგებლა.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დღეს დასრულდა.
თამარ ტალიაშვილი, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსთან, თემურ თორდინავასთან ერთად, #1 საზაფხულო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ საზაფხულო ბაღები არის ინოვაცია, რომელიც საკმაოდ კარგ და, რაც მთავარია, უფასო სერვისს სთავაზობს მშობლებს, ვისთვისაც აღსაზრდელების ქალაქგარეთ გაყვანა აგვისტომდე შეუძლებელი გახდა.
„საზაფხულო ბაღი მუნიციპალიტეტის უდავოდ წარმატებული პროექტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მის ყოველწლიურ განხორციელებას, რათა დაინტერესებულ თანამოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი და შევთავაზოთ კომფორტული მომსახურება“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
25 მუნიციპალური საზაფხულო ბაგა-ბაღი ადგილმდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოების გათვალისწინებით შეირჩა და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებდა.
საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ ჰქონდათ; მათი კვების რაციონი გამდიდრებული იყო ხილით, ბოსტნეულითა და ნატურალური რძის პროდუქტებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა 10000-მდე იყო და ყოველი მათგანი დაკმაყოფილდა.