გიორგი კვირიკაშვილი: მომავალში ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე

ის ფაქტი, რომ ლარის კურსი წინა ნიშნულამდე არ გამყარდა, გასაკვირი არ არის, რადგან ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა წინა ნიშნულამდე, გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები გაუფასურებულია და, საერთო ჯამში, მიმდინარეობს დოლარის გამყარება. ვხედავთ, მსოფლიოში რა ტენდენციაც არის, იგივე არის ჩვენს რეგიონში. ასევე, ნავთობის ფასები ისევ დაბალ დონეზე რჩება, რაც თავისთავად იწვევს იმ ქვეყნებში საინვესტიციო მადის იმ დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც ჰქონდა წინა პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძირითადი ინვესტორი ქვეყნები არიან ნავთობის ქვეყნები, ამიტომ საქართველოში ინვესტიციები დიდწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საინვესტიციო მადაზე.
მისივე თქმით, ამიტომ პირდაპირ აისახება ნავთობის დაბალი ფასები ყველაფერ ამაზე.
“ აქედან გამომდინარე, ის, რომ დღეს გვაქვს 2.25-ის ფარგლებში კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, ვინაიდან ის ფაქტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე, გარდა ნავთობის ფასისა, ფაქტობრივად აღმოფხვრილია. საბერძნეთში, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. იქ ჩვენი ბევრი თანამემამულე ცხოვრობს, ამიტომ მომავალში მე მგონია ლარის სტაბილურ კურსთან გვექნება საქმე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საკმაოდ დინამიურ რეგიონში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევისთვის საქართველო უნდა იყოს მზად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები