თინა ხიდაშელი ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საქართველოსთან მიმართებაში საფრთხეს არ ელოდება
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ხიდაშელმა თურქეთის მიერ სახელმწიფოს საზღვრების გაძლიერების გადაწყვეტილების თემის კომენტირებისას აღნიშნა, რაიმე საფრთხეებთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.
“თქვენ იცით, რომ საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას, აქვს საფრთხეების დოკუმენტი. უმრავლეს შემთხვევაში ამ ტიპის საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის არა თავდაცვის სამინისტროზე, არამედ უშიშროების სამსახურებსა და შს სამინისტროზე. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში ვართ, რომ თუ საჭირო გახდა – დაწყებული ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი საფრთხეებიდან, დამთავრებული ასეთი ტიპის საფრთხეების მოლოდინით, დავეხმაროთ შესაბამის უწყებებს ამ საფრთხეების ნეიტრალიზებაში ან თავად ავიღოთ უკვე პასუხისმგებლობა იქ, სადაც თავდაცვის სამინისტრო ხდება მთავარი კომპონენტი. ჩვენ არ ველოდებით, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები იქნება საქართველოში, ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი მონაცემები აღნიშნულთან მიმართებაში. ტურისტული სეზონი ჩვენთან ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და სტაბილურად განვითარდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი “ისლამური სახელმწიფოდან” მომდინარე საფრთხეების გამო საკუთარ საზღვრების გააძლიერებას აპირებს.