როლანდ ბლადაძე: ჩემი კუთვნილი ქონების გადაფორმებას ეკა ხოფერიას ყოფილი მეუღლე საერთო შვილისთვის აპირებდა

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კანონის წინაშე პასუხს აგებს“, – ამის შესახებ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ როლანდ ბლადაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბლადაძე დღემდე საკუთარი სახლის დაბრუნებას ითხოვს.
როლანდ ბლადაძე გამოცემასთან წარსულს იხსენებს და მკითხველს კიდევ ერთხელ ახსენებს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ როგორ დაათმობინეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბათუმში, ერას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი, სადაც დღემდე გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.
მისი ინფორმაციით, 2004 წლის 6 მაისს, აჭარის მოვლენების შემდეგ, მას ორჯერ დაურეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და თბილისში ჩამოსვლას სთხოვდნენ. კერძოდ, როგორც ბლადაძე „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, მას „რუსთავი 2“-ის ეთერის საშუალებით ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გაეკეთებინა, რასაც არ დათანხმდა.
„როდესაც ასლან აბაშიძემ საქართელო დატოვა, უშუალოდ დამირეკა დათა ახალაიამ და დამემუქრა, თუ ხელში ჩავუვარდებოდი, გამანადგურებდა“, – აცხადებს როლანდ ბლადაძე.
მისი თქმით, იგი დღემდე ელოდება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლის საქმეს ეხება.
როლანდ ბლადაძე აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილმა, რომელსაც მისი საცხოვრებელი სახლი 1000 ლარად გადაცეს, სადავო ქონების თაობაზე ყველაფერი იცოდა.
„გიორგი პაპუაშვილმა ყველაფერი იცოდა სადავო ქონების თაობაზე. მიუხედავად რეპრესიებისა, წაგებული სასამართლო დავებისა და წართმეულის დაბრუნებაზე უიმედო წლებისა, ერთი წუთითაც არ შევჩერებულვარ, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა ქართულ სასამართლოებში. რეჟიმის პირობებში ჩემმა ოჯახმა ეს ვერ მოახერხა, მაგრამ მოახერხა, შეექმნა მტკიცებულებები, ფაქტები, რომლებიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევასა და გიორგი კაკუაშვილის არაკეთილსინდისიერი მესაკუთრის ნამდვილობას დაადასტურებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კანონის წინაშე პასუხს აგებს“, – ამბობს როლანდ ბლადაძე.
ამავე ინტერვიუში, ბლადაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ჩადენილ ქმედებაზე საუბრობს.
„როგორც ჩანს, გიორგი პაპუაშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საჯარო დისკუსია ჩამორთმეულ ქონებაზე, მის სახელთან დაკავშირებულ უკანონო გადაწყვეტილებებზე და სახლის გაყიდვის მზაკვრული გეგმაც შეიმუშავა. მან 2015 წლის 17 მარტს გიორგი ლევიძესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი სახლი გაასხვისა 195000 აშშ დოლარად. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ბინის გაყიდვის მცდელობაზე, ადვოკატების მხრიდან სწორად იქნა დანახული პრობლემა და საჯარო რეესტრში 17 მარტამდე მოთხოვნილ იქნა სადავო ქონებაზე ყადაღის წარმოშობა. საკადასტრო კოდზე დაფიქსირდა ხარვეზი, რამაც ქონება გასხვისებას გადაარჩინა. გიორგი ლევიძე არის გიორგი პაპუაშვილის ცოლისდის, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის ეკა ხოფერიას ყოფილი მეუღლე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლევიძე ჩემი, კუთვნილი ქონების გადაფორმებას ეკა ხოფერიასთან ქორწინებიდან საერთო შვილისთვის აპირებდა. მას შემდეგ, რაც საკითხის მიმართ საჯარო ინტერესი შეიქმნა, გიორგი ლევიძემ 2015 წლის 1 მაისს მიმართა რეესტრს და გიორგი პაპუაშვილთან დადებული ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა. ფაქტობრივად, ამ ქცევით გიორგი ლევიძემ აღიარა, რომ ბინა რომელსაც ფიქტიურად ყიდულობდა, არის სადავო და არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფომ დაუბრუნოს კანონიერ მესაკუთრეს. ჩემი ოჯახი ელოდება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი უნდა მომანიჭოს. ნამდვილად მქონდა მცდელობები, ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციით, გიორგი პაპუაშვილს ქონება დაეთმო, სახელმწიფოს კი მისი უფლებამოსილების განხოციელებისთვის სხვა ალტერნატიული ფართი შეეთავაზებინა, მაგრამ გამიკვირდა, როდესაც სამინისტრომ გამოხმაურებაზე დუმილით მიპასუხა“! – ამბობს რესპონდენტი.
ამავე ინტერვიუში როლანდ ბლადაძე კიდევ ერთ საინტერესო დეტალზე საუბრობს.
„როდესაც ბინა ჩამომერთვა, მაშინ ხელისუფლებას „რატომღაც“ დაავიწყდა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ავტოფარეხიც სახელმწიფოს საკუთრებად გამოეცხადებინა. 2010 წელს გიორგი პაპუაშვილმა არსებული ავტოფარეხი მიისაკუთრა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა ჩამორთმეული. 2013 წლის 5 ივლისს ამ საქმეზე სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება როგორც ჩამორთმეული ქონების საქმეზე, ასევე გიორგი პაპუაშვილის მიმართ“, – ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები