“ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას“

  ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დამთავრდა ის დრო, როცა „სხვები” წყვეტდნენ, ვინ სად წასულიყო და რა ეთქვა. “ვუყურებ დღეს ამ დარბაზს და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დღეს ყველანი აქ ხართ, რა თქმა უნდა, ვისაც დაიტევდა ეს დარბაზი. თქვენი აქ მოსვლა არავითარ პოლიტიკურ ინტერესებს არ ემსახურება. აქ მოსვლა არავინ დაგაძალათ და არც არავინ აგიკრძალათ. დამთავრდა ის დრო, როცა „სხვები” წყვეტდნენ, ვინ სად წასულიყო და რა ეთქვა. ისინი მათ დავალებებს ასრულებდნენ და ყველამ ვიცით, როგორ ძალადობდნენ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. დღეს ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ყველაზე კრიტიკული. ყველგან, ყველა დროში ახალგაზრდობა ყველაზე თავისუფალია და ეს თავისუფლება იყო დათრგუნვილი ამ კედლებში. ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა კი, ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკან არის.
თავისუფლება არის ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი. ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი და ადამიანის უფლებები იქნება უმთავრესი“,-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა.
“სულ მალე, როდესაც ამოქმედდება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები